კოლორ ჯგუფი რბილი შეფუთვების ინოვაციურ მეთოდს ამკვიდრებს

08 ოქტომბერი 2021

Stand Up Pouch - ასე ეწოდება რბილი შეფუთვის ფორმას, რომლის წარმოების თანამედროვე ტექნოლოგია ჩვენს ქვეყანაში „კოლორ ჯგუფმა“ შემოიტანა.

შეფუთვის უნიკალურობა მდგომარეობს იმაში, რომ ერთი მხრივ, მოსახერხებელია მომხმარებლისთვის, რადგან მას პროდუქტის შეფუთვიდან გადასატანად დამატებითი ჭურჭლის გამოყენება აღარ უწევს და მეორე მხრივ, ბიზნესს შეუძლია, ტექნოლოგია ერთნაირად გამოიყენოს სხვადასხვა პროდუქტის შესაფუთად.

ადგილობრივ ბაზარზე Stand Up Pouch-ს უკვე არაერთი კომპანია იყენებს, იქნება ეს მსხვილი ბიზნესი თუ სტარტაპი, რომელმაც წარმოება სულ ცოტა ხნის წინ დაიწყო. შეფუთვის აღნიშნულ ფორმას ქართველი მომხმარებელი კარგად იცნობს - ეს არის „ფეხზე დამდგარი“ შეფუთვა, რომელიც მარტივად ილუქება და პროდუქტს პირვანდელ გემოვნურ თვისებებს უნარჩუნებს. სწორედ ამიტომ იფუთება მარცვლეული, ჩირი, თხილეული, ჩიფსები, ბოტსნეული, ჩაი, ყავა და თხევადი პროდუქციაც კი, იქნება ეს საწებელი, მაიონეზი, სოუსი თუ სხვა.

როგორც „კოლორ ჯგუფში“ განგვიმარტეს, შეფუთვა მომხმარებლის ყურადღებას მარტივად იქცევს, მისი ხარისხი პროდუქტის სანდოობაზე მიუთითებს და დადებით იმიჯს უქმნის. სწორედ ამიტომ, ბიზნესი, რომელიც განვითარებაზეა ორიენტირებული, მასზე ხშირად აჩერებს არჩევანს.

მათივე თქმით, Stand Up Pouch-ის დამზადება სხვადასხვა სპეციფიკაციით არის შესაძლებელი:

„უფრო კონკრეტულად, ჩვენი საბეჭდი დანადგარები საშუალებას გვაძლევს როგორც დიდი, ისე მცირე რაოდენობით ტირაჟები დავბეჭდოთ, რაც სხვადასხვა ზომის ბიზნესისთვის ძალიან მოსახერხებელია. თუ მცირე ბიზნესი დიდ ტირაჟებს ვერ გვიკვეთავს, საშუალება გვაქვს, მათზე მორგებული რაოდენობა შევთავაზოთ და პროდუქტი მაინც ხარისხიანი მასალით შეფუთონ“, - განგვიმარტეს „კოლორ ჯგუფში“.

კომპანიაში აღნიშნავენ, რომ უახლესი საბეჭდი დანადგარების მეშვეობით, მომხმარებელს სთავაზობენ როგორც ღრმა ბეჭდვას, ისე ციფრულს.

„მათ შორის განსხვავება რომ განვმარტოთ: ციფრული ბეჭდვის შემთხვევაში არ გვჭირდება დამატებით საბეჭდი ფორმები და მომხმარებელს სახეობებში არ ვზღუდავთ, ეს ყოველივე HP INDIGO 20 000-ის დახმარებით არის შესაძლებელი, რომელიც ამ მიმართულებით საუკეთესო დანადგარია“, - აღნიშნეს მათ.

გარდა ბეჭდვის თანამედროვე მეთოდისა, „კოლორ ჯგუფმა“ შემოიტანა მრავალფეროვანი მასალები - გამჭვირვალე, პრიალა, მატი, მეტალიზირებული და ალუმინის, რაც ბიზნესს საშუალებას აძლევს, სხვადასხვა სახის პროდუქცია განსხვავებული ვიზუალით წარმოაჩინონ. ყველა სახის შეფუთვა მსუბუქი, თუმცა საკმაოდ მყარია, რაც ხარისხს უსვამს ხაზს.