კოლორ ჯგუფი „ქართული ღვინის ფესტივალი 2022“-ის ერთ-ერთი მონაწილე და სპონსორია.

06 ოქტომბერი 2022

ღვინის ნამდვილი დღესასწაული ბრუნდება!

8 ოქტომბერს შარდენზე, სიონის ქუჩაზე, რიგით მეოთხე, „ქართული ღვინის ფესტივალი 2022“ გაიმართება. "კოლორ ჯგუფი" კი აღნიშნული ღონისძიების ერთ-ერთი მონაწილე და სპონსორია.

ტრადიციულად, ამ დღეს ქართული გემოები, ქართული ხმები და მრავალფეროვანი გასართობი პროგრამა ასობით უცხოელსა და ადგილობრივ სტუმარს ერთ სივრცეში გააერთიანებს. ფესტივალი მოიცავს გამოფენა-გაყიდვასა და დეგუსტაციას; მცირე, საშუალო და დიდი მარნები სტუმრებს საკუთარ ნაწარმს წარუდგენენ. გარდა ღვინისა, ფესტივალზე ასევე წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა სახის პროდუქცია: ქართული ტრადიციული პური, ჩურჩხელა, ჩირი, ქართული ყველი, თაფლი და სხვა.ფესტივალზე მოსული სტუმრები მაღალი ხარისხის პროდუქტის დაგემოვნებასა და მათთვის უცნობი ღვინის სახეობისა თუ ახალი მეწარმეების აღმოჩენას შეძლებენ. თუმცა ეს ყველაფერი არ არის. ფესტივალი მთელი დღის განმავლობაში იქნება დატვირთული გასართობი პროგრამებით. სტუმრები მოძრაობის თეატრის მსახიობების მიერ დადგმულ ღონისძიებებს იხილავენ, მოისმენენ ქართულ ფოლკლორს, კულმინაცია კი ყველასათვის საყვარელი ქართული ბენდების კონცერტი იქნება. ეს მცირე ჩამონათვალია იმისა, რაც ფესტივალზე გელოდებათ.ღონისძიება 12:00 საათზე დაიწყება და 19:00 საათზე დასრულდება. დასწრება თავისუფალია!