ბაზარზე არსებული კონკურენციის მძაფრ პირობებში, სხვა არაერთ საკითხთან ერთად, დიდი ყურადღება ექცევა შეფუთვასაც. დღეს საწარმოები ერთმანეთს არა მხოლოდ მაღალი ხარისხითა და ხელმისაწვდომი ფასით უწევენ კონკურენციას, არამედ მომხმარებლის მოხიბვლას ორიგინალური და, რაც მთავარია, ხარისხიანი შეფუთვით ცდილობენ. შეფუთვა განსაკუთრებით აქტუალური კოვიდპანდემიის პერიოდში გახდა. ხარისხიანი შესაფუთი მასალების წარმოება საქართველოშიც ვითარდება და იხვეწება. ერთ-ერთი მოწინავე კომპანია კი „კოლორ ჯგუფია“, რომელიც პოლიგრაფიულ საქმიანობას მრავალი წელია ახორციელებს, შესაფუთი მასალების მრავალფეროვანი ასორტიმენტის წარმოება კი 5 წლის წინ დაიწყო და დღეს უკვე, ბაზრის 30%-ს ფლობს. შესაფუთი მასალების წარმოების პროცესის, საქართველოში ბეჭდვის უპირატესობებისა და კომპანიაში არსებული შესაძლებლობების შესახებ „კოლორ ჯგუფის“ გენერალური დირექტორი სანდრო გახელაძე გვესაუბრება.
როგორ შეაფასებთ დღეს საქართველოში შესაფუთი მასალების ბეჭდვის სფეროს, რამდენად განვითარებულია? რა გამოწვევების წინაშე დგას დღეს ინდუსტრია?
შესაფუთი ინდუსტრია საქართველოში საკმაოდ კარგი ტემპით იზრდება და ვითარდება. ბაზარზე ყოველწლიურად მზარდი დინამიკა გვაქვს. სხვადასხვა მოთხოვნამ, რეგულაციამ, ევროასოცირების ხელშეკრულების პირობებმა ბევრი საკითხი დახვეწა და განავითარა. გაიზარდა მოთხოვნა შეფუთვაზე და რაც მთავარია, ხარისხიან შეფუთვაზე. ყოველწლიურად მცირდება იმ კომპანიების რაოდენობაც, რომლებიც შესაფუთ მასალებს საზღვარგარეთ ბეჭდავენ, რადგან საქართველოში უკვე ყველა ტიპის შეფუთვის დამზადებაა შესაძლებელი. ამ პროცესში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჩვენი დანადგარი ინდიგო 20 000, რომელიც ამიერკავკასიაში ერთადერთია.
ამ ეტაპზე ჩვენი მთავარი გამოწვევა არასტაბილურობის განცდაა. კოვიდპანდემიის დაწყების შემდეგ მსოფლიო ბაზარზე მასალის ფასი ძალიან მერყევია და გაძვირების ტენდენცია აქვს. ასევე მკვეთრად გაიზარდა სატრნასპორტო ხარჯები. მასალის ფასის არასტაბილურობის გამო, ჩვენც დამკვეთებთან ხშირად ფასის კორექტირება გვიწევს. მასალების ბაზარზე გაზრდილია მოთხოვნა, დეფიციტია საწარმოო ნედლეულის და უმეტესობა ქარხნებისა მკაცრ შეზღუდვებს აწესებს წარმოების მოცულობებზე. სწორედ ეს განაპირობებს ფასის ზრდასა და არასტაბილურობას. თუ ამ მიმართულებით მდგომარეობა დასტაბილურდება, უკეთესად შევძლებთ ჩვენი განვითარების გეგმის შემუშავებასა და განხორციელებას.
ზოგადად, რამდენად მნიშვნელოვანია შეფუთვა ბიზნესის წარმატებისთვის? რით და როგორ ეხმარება სწორი შეფუთვა ბიზნესს წარმატების მიღწევაში?
შეფუთვის თემა საკმაოდ აქტუალურია. ბაზარზე ბევრი პროდუქტია, რომლებიც ერთმანეთს კონკურენციას შეფუთვითაც უწევენ. ბევრი კომპანია მნიშვნელოვნად განვითარდა, რებრენდინგი ჩაატარეს და შეფუთვები დახვეწეს. ცდილობენ თანამედროვე მოთხოვნებსა და გამოწვევებს უპასუხონ.
ახლა ტრენდულია რბილი შეფუთვები, რადგან ის უფრო მაღალი ხარისხის მაჩვენებელია და პროდუქტის ვარგისიანობის შენარჩუნების კუთხითაც უფრო ეფექტურია.
ჩვენც ვაკვირდებით მსოფლიო ტენდენციებს და პარტნიორ კომპანიებს შესაბამისად ვუწევთ კონსულტაციას. მათ საუკეთესო ვარიანტს ვთავაზობთ ფასის, ხარისხისა და დიზაინის კუთხით. ამ სამი კომპონენტის გათვალისწინება წარმატების მისაღწევად აუცილებელია. ხარისხიანი შეფუთვა პროდუქტის სწორი და ხანგრძლივი შენახვისთვისაა საჭირო, სწორი დიზაინი კი – გაყიდვების ზრდისთვის.
როგორც აღნიშნეთ, დღეს საქართველოში შესაფუთი მასალების წარმოება საკმაოდ განვითარებულია. „კოლორ ჯგუფი“ რა შესაძლებლობებსა და მომსახურებას სთავაზობს ამ კუთხით მომხმარებლებს?
ჩვენ ვართ ყველაზე დივერსიფიცირებული პოლიგრაფიული საწარმო რეგიონში. ჩვენი ერთ–ერთი მთავარი მიმართულება კი შესაფუთი მასალებია. გვაქვს როგორც რბილი, ისე მყარი შეფუთვები. რბილი შეფუთვების მიმართულებით, მომხმარებელს ვთავაზობთ შეფუთვების ბეჭდვის სერვისს როგორც რულონური, ასევე პაკეტების სახით, შეკეცვით, სახელურით ან სახელურის გარეშე.
სტამბას აქვს საკვები პროდუქტის შეფუთვის საბეჭდი დანადგარი, რომელიც ფლექსოგრაფიული ბეჭდვის პრინციპით ბეჭდავს რვა ფერში. ასევე დანადგარი, რომელი დახმარებითაც ადგილზე ამზადებს საბეჭდ ფორმებს, რაც ბეჭდვის პროცესს უფრო სწრაფსა და მოქნილს ხდის.
გვაქვს მასალების ფართო არჩევანი, მათ შორის ვაწარმოებთ ბიოდეგრადირებად პაკეტებს, რაც არ აზიანებს ეკოლოგიას და მსოფლიოში აპრობირებულია.
ვბეჭდავთ ნახევარფაბრიკატების, მზესუმზირას, ჩიფსის, ბურღულეულის, ნაყინის, შაქრის და სხვა შეფუთვებს, რულონურ ეტიკეტსა და მრავალი დანიშნულების შესაფუთ მასალებს როგორც დიდი, ისე პატარა კომპანიებისთვის.
ასევე გვაქვს Stand Up Pouch. ეს არის ფეხზე დამდგარი ზიპიანი პაკეტი, რომელიც მოსახერხებელია ყველანაირი პროდუქტის შესანახად და საწარმოებლად. ამ შეფუთვას სხვადასხვა სახელით იცნობენ საქართველოში - ფაუჩი, ზიპიანი პაკეტი, დოიპაკი და ფეხზე დამდგარი პაკეტი. ფაუჩის შეფუთა გამოიყენება სხვადასხვა პროდუქტისთვის: თხევადი, მყარი საკვები, მარცვლეული, თხილეული, ჩირეული, ჩიფსები, ბოსტნეული, ჩაი, ყავა და სხვა. ამ შეფუთვის ბარიერული ფენები ახანგრძლივებს პროდუქტის შენახვის ვადას. შეფუთვა არის მსუბუქი წონის, მაგრამ საკმაოდ მყარი, ამასთან ერთად, დამატებით შესაძლებელია ჰქონდეს სახელური, ევრო საკიდი და ზიპიანი ჩამკეტი.
მომხმარებელს ასევე ვთავაზობთ მყარ, გოფრირებულ შეფუთვას.
რა არის თქვენი უპირატესობები კონკურენტებთან შედარებით?
ჩვენი მთავარი უპირატესობა არის დანადგარი HP ინდიგო 20 000, რომელიც ამიერკავკასიაში ერთადერთია. „ინდიგო 20 000“ საშუალებას გვაძლევს, ნებისმიერი ვიზუალისა და რაოდენობის შეფუთვა დავამზადოთ. მისი დამატებითი უპირატესობაა ისიც, რომ ერთი ტირაჟით დაბეჭდილი თითოეული შეფუთვის ვიზუალი შეიძლება ერთმანეთისგან განსხვავდებოდეს, რაც დამკვეთებს დამატებით შესაძლებლობას აძლევს, სწორად დაგეგმონ თავიანთი მარკეტინგული კამპანია და პროდუქტი გახადონ უნიკალური. უფრო კონკრეტულად კი მათ აღარ სჭირდებათ დამატებით საბეჭდი ფორმების ე.წ კლიშის დამზადება, შეუძლიათ 10 ერთნაირი პროდუქტიდან თითოეული სხვადასხვანაირი ვიზუალის შეფუთვით დაბეჭდონ და, რაც მთავარია, ხარჯთეფექტურად.
მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელს უბრალოდ ბეჭდვის სერვისს კი არ ვთავაზობთ, მას კონსულტაციასაც ვუწევთ შეფუთვის ტიპის შერჩევის დროს. ჩვენ მათთვის გარკვეულწილად პარტნიორი კომპანიები ვართ და არა მხოლოდ პროდუქტის მიმწოდებლები. სწორედ ამიტომ დღეს ქართულ ბაზარზე ბევრი წამყვანი კომპანია სწორედ ჩვენს შეფუთვებს იყენებს. ესენი არიან: „მზარეული“, „აგროფაი“, „ჩიკორი“, „სნო“, „სუპრემო“, „კრიალა“, „ორეი“ და კიდევ არაერთი კომპანია.
პარტნიორებს დიზაინის შექმნაშიც ეხმარებით. ამ მიმართულებით კონკრეტულად რას სთავაზობთ მათ? ასევე, საინტერესოა, როგორია დიზაინის თანამედროვე ტენდენციები შეფუთვების მიმართულებით?
"კოლორ ჯგუფის" დიზაინ სტუდიის კრეატიული პროფესიონალები ყოველდღიურად ქმნიან ტრენდულ ნამუშევრებს. თავდაპირველად, როდესაც მუშაობა დავიწყეთ ამ მიმართულებით და სტუდია შევქმენით, დამკვეთები მხოლოდ თავიანთი იდეების განხორციელებას გვთხოვდნენ. დღეს დამკვეთები ითვალისწინებენ ჩვენს რეკომენდაციებს და დიზაინს ერთობლივად ვქმნით. თუმცა გამოწვევები კვლავ არსებობს.
ტრენდის ვიზუალები ყოველ 3-4 წელიწადში ერთხელ ახლდება. როგორც ტანსაცმლის ან ფეხსაცმლის დიზაინში პერიოდულად შემოდის გარდამტეხი სიახლეები, ისეა ეტიკეტისა და შეფუთვის დიზაინშიც. განახლების შემდეგ კი ჩვენ ახალ მიმართულებას მივყვებით და დამკვეთებსაც შესაბამის ტრენდს ვთავაზობთ. ახლა მაქსიმალურად მინიმალისტური, გასულ საუკუნეში პოპულარული ტრენდი გვაქვს. წლების წინ ამგვარ ვიზუალს არავინ მიმართავდა, თუმცა ახლა კომპანიების უმეტესობა მინიმალიზმს და ფერთა კონკრეტულ გრადაციებს ითხოვს. ეტიკეტისა და შეფუთვის შერჩევის დროს იმასაც ვითვალისწინებთ, მაღაზიის თაროზე როგორ გამოჩნდება და რამდენად გაუწევს კონკურენციას იმავე, თუმცა სხვა წარმოების პროდუქტს.
ჩვენი რეკომენდაცია და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხრიკი კომპანიებისთვის არის დიზაინის პერიოდულად შეცვლა. არსებობს მსოფლიო ბრენდები, რომელთა გაყიდვებზეც დიზაინი უკვე ნაკლებად ახდენს ზეგავლენას, იქნება ეს „კოკა-კოლა“ თუ „სნიკერსი“, მაგრამ გარკვეულ პროდუქტს წელიწადნახევარში ერთხელ შეფუთვის განახლება ესაჭიროება. პირველი რამდენიმე თვის განმავლობაში ეს გაყიდვებს მნიშვნელოვნად ზრდის.
თქვენი სტამბა თბილისში მდებარეობს. რამდენად ახერხებთ თბილისის გარეთ მდებარე საწარმოების მომსახურებას?
საკმაოდ ბევრი მომხმარებელი გვყავს თბილისის გარეთ. დასავლეთ საქართველოდანაც არაერთი დამკვეთი გვყავს. მათთან კომუნიკაცია სხვადასხვა ფორმით ხდება. საჭიროების შემთხვევაში, თუ ადგილზე მოსვლას და ნიმუშის ნახვას ვერ ახერხებს, მას ქვეყნის მასშტაბით ნებისმიერ ლოკაციაზე ვუგზავნით.
როგორც აღნიშნეთ, საქართველოში ბეჭდვა უფრო მომგებიანია კომპანიებისთვის, ვიდრე საზღვარგარეთ. რა არის აქ ადგილობრივად ბეჭდვის უპირატესობები?
ზოგადად, შესაფუთი მასალები საქართველოში დამზადების მთავარი უპირატესობა ისაა, რომ დამკვეთს ნიმუშის ნახვა სტამბაშივე შეუძლია. 100%–ით დარწმუნდება, რომ ფერების ცდომილება არაა.
კიდევ ერთი უპირატესობა სწრაფი ბეჭდვაა. საზღვარგარეთ, ძირითადად, თურქეთში ბეჭდვის დროს მიწოდების ვადა ბევრად უფრო მეტია.
სხვა ქვეყანაში მხოლოდ ძალიან დიდი შეკვეთის განხორციელება შეიძლება იყოს შედარებით ბიუჯეტური, თუმცა ტრანსპორტირებისა და სხვადასხვა ხარჯის გათვალისწინებით, საზღვარგარეთ ბეჭდვა უმჯობესი მაინც არაა. ამასთან ერთად საკმაოდ დიდი რისკია მსხვილი ტირაჟების დამზადება საზღვარგარეთ, რადგან რეგულაციები ძალიან ხშირად იცვლება და შეიძლება შეფუთვის დიდი ნაწილი გამოუსადეგარი გახდეს.
ასევე, ჩვენს დამკვეთებს თანხის სრულად წინასწარ გადახდა არ უწევთ. სერვისის კუთხითაც ბევრად უფრო მოქნილები ვართ.
ამ ყველაფერს უფრო და უფრო მეტი კომპანია აცნობიერებს და რეალურად, საზღვარგარეთ შესაფუთი მასალების ბეჭდვის შემთხვევები წლიდან წლამდე მცირდება.
HP ინდიგო 20 000-ს ამიერკავკასიაში მხოლოდ „კოლორ ჯგუფი“ ფლობს. ექსპორტზე გასვლას და სხვადასხვა ქვეყნიდან შეკვეთის მიღებას თუ გეგმავთ?
საექსპორტო კუთხით გვქონდა აქტივობები, თუმცა ეს ჩვენი ძირითადი და პრიორიტეტული მიმართულება არ იყო. მიმდინარე წლის გეგმებში კი საექსპორტო კუთხით გააქტიურება მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. ძირითადად, აზერბაიჯანის, სომხეთისა და უკრაინის ბაზრებზე ვგეგმავთ გააქტიურებას. შედარებით გრძელვადიან პერსპექტივაში, შევძლებთ კონკურენცია თურქეთსაც გავუწიოთ. დღეს რეგიონის ქვეყნებში საზღვარგარეთ ბეჭდვის შემთხვევაში, არჩევანს სწორედ თურქეთზე აკეთებენ.
ექსპორტზე გასვლის პარალელურად, როგორია თქვენი განვითარების გეგმა?
ჩვენი მიზანია დანადგარების წარმადობის სრული ათვისება მოხდეს. გასულ წელს საკმაოდ მსხვილი ინვესტიცია განვახორციელეთ, ბევრი დანადგარი შევიძინეთ, მათ შორის ახალი მიმართულებებები: Stand Up Pouch და ჩაჩების ხაზი. წელს გვინდა, მათი დატვირთულობის მაჩვენებელი გავზარდოთ. ამ ეტაპზე შესაძლებლობების დაახლოებით 60% არის ათვისებული. მიზნის მისაღწევად უფრო ფართომასშტაბიან საკომუნიკაციო აქტივობებს განვახორციელებთ ადგილობრივ ბაზარზე. მრავალფეროვანი შეთავაზებები, მაღალი ხარისხის სერვისი, მოქნილობა, მისაღები ფასი, საკონსულტაციო მომსახურება – ეს ყველაფერი გვეხმარება მიზნის მიღწევაში როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე. ჩვენი მხრივ, პარტნიორებს შემოსავლების ზრდაში ვეხმარებით.